სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, სწორედ ამ მიმართულებით გვინდა, გაგაცნოთ ახალი, თუმცა, უკვე საკმაოდ წარმატებული და მნიშვნელოვანი წევრი – ,,მკისა”. მის შესახებ “თბილისი თაიმსს” “მკისას” აღმასრულებელი დირექტორი გიგი გაჩეჩილაძე ესაუბრა.
თავდაპირველად, გაგვაცანით – რას წარმოადგენს „მკისა“?
,,მკისა” ძალიან ჭკვიანი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული აგრონომია, ის საკმაოდ განსხვავებული კონცეფციისა და მიდგომების მქონე ახალი წევრია სოფლის მეურნეობის დარგში. აქვს ძალიან დიდი გეგმები და ამ ყველაფერს უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ, წარმატებით ართმევს თავს.
რამდენი ხანია, რაც „მკისა’’ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ოპერირებს და რას ითვალისწინებს თქვენი საქმიანობა?
‘მკისა’ ჯერ ერთი წელიც არაა, რაც გამოჩნდა სოფლის მეურნეობის დარგში, თუმცა, როგორც აღვნიშნე, საკმაოდ წარმატებით ართმევს თავს. „მკისა“-ს მამულები მოიცავს: 100 ჰა. მიწას ბოლნისში, სადაც 2021 წელს გაშენდა 10 ჰა ნუშის ბაღი და წელს 30 ჰა კიდევ შეემატება. ასევე, ხობში 30 ჰა-ს, სადაც 20 ჰა მიწის ფართობზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს მოცვის გასაშენებლად სამუშაოები. მოცვის გაშენებას ასევე ვგეგმავთ წყალტუბოში ნოემბრის პერიოდში, სადაც მკისას 35 ჰა მიწიდან 20 ჰა-ს ავითვისებთ. წინ ძალიან დიდი გეგმებია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევს.
თქვენი აზრით, რამ განაპირობა ‘მკისა“-ს წარმატება?
პირველ ყოვლისა, კვალიფიციურმა გუნდმა და თანამედროვე ტექნოლოგიებმა. „მკისა“ ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელიც ნერგავს ტექნოლოგიების გამოყენებას სოფლის მეურნეობის დარგში. ერთ-ერთი ასეთია საკუთარი მეტეო სადგური, რომლის დახმარებითაც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ. მაგალითად: ქარის სიჩქარე და მოძრაობის მიმართულება, ინფორმაცია ნალექისა და ტენიენობის შესახებ და სხვა. ვენდობით ციფრებს და უტყუარ მონაცემებს, შესაბამისად ვუვლით ჩვენს ბაღსაც.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
გეგმები ძალიან დიდია, გარდა იმისა, რომ ვაფართოებთ ჩვენს ნუშისა და მოცვის ბაღებს, ვცდილობთ, საინტერესო ინფორმაცია მოსახლეობისთვისაც გავხადოთ ხელმისაწვდომი და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, ჩვენი Facebook-ის გვერდიც ამას ემსახურება. გარდა ამისა, ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ, რომელსაც სულ მალე გაგიზიარებთ.
Comments